X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რევაზ სოხაძე შიდა ქართლსა და იმერეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

14 თებერვალი 2026

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ქვეყნის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დეტალებს ადგილზე გაეცნო. მინისტრი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად შიდა ქართლისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა.

შიდა ქართლში მინისტრი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში დაგეგმილი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს. პროექტები მოიცავს ხელოვნურსაფარიანი მოედნების, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილებისა და დამხმარე სათავსოების მოწყობას. ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იგეგმება გორში, მეჯვრისხევში, ხაშურში, ზესტაფონსა და ხარაგაულში.

გორში მიმდინარეობს 650 მოსწავლეზე გათვლილი N11 საჯარო სკოლის მშენებლობა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შენობაში მოეწყობა საკლასო ოთახები, სამეცნიერო ლაბორატორია, მუსიკისა და ხელოვნების სივრცეები, ბიბლიოთეკა, სამედიცინო კაბინეტი და კვების ბლოკი. პროექტი ასევე ითვალისწინებს შიდა და გარე მრავალფუნქციური სპორტული სივრცეების მოწყობას. სკოლის მშენებლობას საქართველოს მთავრობა 11 მილიონი ლარით აფინანსებს.

გორში იწყება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირება. კომპლექსში განთავსდება მსოფლიო ცურვის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისი დახურული აუზი ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალბურთისთვის, საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტირძნისსა და შინდისში საბავშვო ბაღების ამორტიზებული შენობების დემონტაჟის შემდეგ თანამედროვე, უსაფრთხო და სრულად ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. ტირძნისის ახალი ბაღი 150 ბავშვზე იქნება გათვლილი, ხოლო შინდისში 100 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე ბაღი აშენდება.

სოფელ არაშენდაში 100 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე საკლასო ოთახების, ლაბორატორიის, ICT კაბინეტის, ბიბლიოთეკის, კვების და სამედიცინო სივრცეების მოწყობას, ასევე შიდა და გარე სპორტულ ინფრასტრუქტურას. პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4.5 მილიონ ლარს შეადგენს.

ხაშურში აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტი, რომელსაც „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს. პროექტი მოიცავს ქალაქისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას, ცენტრალურ ნაწილში წყალარინების ქსელის მოწყობას, 30-40 ათას მოსახლეზე გათვლილი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას. გათვალისწინებულია SCADA სისტემის დანერგვა და მზის პანელების მონტაჟი. პროექტი ხორციელდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), ევროკავშირისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ჯამში 350 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით და 2026 წელს დასრულდება. შედეგად, 44 000-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტი საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4.9 მილიონ ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს განათლების, სპორტისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის სისტემურ განვითარებას, რაც რეგიონებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება.